შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამის მკვლელობისთვის 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მამა - 1974 წელს დაბადებულ გ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
"პოლიციამ რ.გ. ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.